ამონარიდი რევაზ მიშველაძის ნოველიდან – „ქიმერა”

„ – ბატონო, თქვენ მითხარით ცოლი რატომ არ გითხოვიათო; ახლა რაღას იტყვით, ბატონო, მარტოხელა კაცი ვარ მეე? უნდა მომეყვანა ვიღაცა ენაჭარტალა და უბედური, მისი იაფი აზრები მესმინა და მაკარონის რიგში ვმდგარიყავი. მერე ბავშვების წამალზე უნდა მერბინა და გული უნდა მეხეთქა. მერე ფული არ გვეყოფოდა და უნდა მომეპარა; ხალტურა უნდა მეკეთებინა. სამი კარგი სურათის ნაცვლად შვიდი ცუდი სურათი უნდა გადამეღო, მოპარვას ვეძახი ამას მე. მერე ბავშვები დაიზრდებოდნენ და ვინ იცის, რა გზას დაადგებოდნენ. ვაი თუ სისხლი გაეშროთ ვინმესთვის. მერე ცოლი დაბერდებოდა და მის ჯავრს უნდა გადავყოლოდი. მე მგრძნობიარე კაცი ვარ, ბატონო. მე ვერ ავიტანდი იმის ყურებას როგორ დაჭკნებოდა და დაილეოდა ჩემი შეჩვული თანამგზავრი. მერე ხელებდაჭდეული უნდა ვმდგარიყავი ცოლის კუბოსთან, ან ცოლი დადგებოდა ჩემს კუბოსთან. სულ ერთია მაგი. ცოლ-ქმარი ერთად არასოდეს არ კვდება. ბატონო, თქვენ ფიქრობთ საჭირო იქნებოდა ყოველივე ეს? რისთვის, ვისთვის გამეძაღლებინა საკუთარი სიცოცხლე? ახლა კი ხომ ხედავთ, ვიღაც ტუტუცი დედაკაცის მაგიერ გენიოსებში ვცხოვრობ, მთელ ქვეყანასთან ვცხოვრობ, შეხედეთ ამ კედლებს, ვინ აღარ მყავს აქ, ვინ აღარ შემოდის ჩემს ოთახში. მე ამათ ყოველ დღე ვესაუბრები. მე ამათ ვეხვეწები, მე ისინი მარიგებენ, მე მათი მრცხვენია კიდეც ზოგჯერ, ბატონო. ვყოფილვარ მარტო? არ დაიჯეროთ. მე ჩემებურად ვიცხოვრე, მე არაფერს არ ვნანობ. ყველამ თავისი საქმე იცის”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>