ამონარიდები ზურაბ კუხიანიძის მოთხრობიდან – „თავქვეშ ამოდებული იმედი”
„მძულს და ვერ ვიტან, როცა ვინმეს ვებრალები და ვეცოდები. მიმტრე, მეომე, წამღლიტე, გამქურდე, ვალს ნუ დამიბრუნებ, მიღალატე!.. ხომ საძაგლობაა? მაგრამ შებრალება და შეცოდება უფრო მგვრის ზიზღს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანები ხშირად რწმენის უქონლობის გამო მარცხდებიან”.
* * *
„ბედნიერება იქნებ გეწვია და ვერ მიხვდი? სათაკილო აქ არაფერია. ბედნიერება ზოგჯერ ისე უხმაუროდ მოგეპარება, უცებ ვერ გაიგებ”.
* * *
„ადამიანის სიკვდილთან ერთად მისი იმედიც კვდება. ასე რომ, არამარტო ადამიანი ცოცხლობს საკუთარი იმედით, თვითონ იმედიც ადამიანის იმედით არსებობს”.
* * *
„როდესაც ქვეყანას დაემშვიდობები, გული თუ არ დაგწყდა, მაშინ უბედური ყოფილხარ და არც ღირდა ცხოვრება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საერთოდ, ბუნებით, შეიძლება, სულაც არ იყვნენ გულღრძო და შურიანები, მაგრამ ავადმყოფობა ბევრ ადამიანს უცვლის ზნესა და ხასიათს. ზოგს გამოჯანმრთელების მერეც გაჰყვება უხასიათობა და სხვასაც გააწამებს და საკუთარ თავსაც”.
* * *
„სატკივარს რა გამოულევს ცოცხალ ადამიანს. საკუთარიც ბევრი მოუცია გამჩენს და ესეც რომ შემოგელიოს, სხვების მიერ მიყენებული ტკივილიც გაგასივებს გულზე. გარდა ამისა, თუ სხვის ტკივილსაც საკუთარივით მიიღებ და განიცდი, ბევრი იყრის თავს’.
* * *
„ერთი და იგივეს ხშირად შეკითხვა ცუდი ჩვევაა!”
* * *
„თუ კი იმედის მიცემა არც ისე ძნელია, ხშირად რატომ გვიჭირს ამის გაკეთება ადამიანებს? არ გვსურს თუ არ შეგვიძლია!.. ვინმეს იმედს თუ ჩავუნერგავთ გულში, ამით ხომ არაფერი გვაკლდება, არც რაიმე გვეხარჯება.”
* * *
„ – შვილებს ხშირად არ ესმით მამის ხასიათისა და ბუნების. ზოგჯერ თუ ესმით, არ მოსწონთ მისი თვისებები და ფარულ ომს უცხადებენ. დედებს უფრო უგებენ და მათთან უკეთ არიან შეწყობილი და შეთვისებული. იქნებ მამებსაც მიგვიძღვის ბრალი, აღზრდისას დავაკელით ისეთი რაღაცეები, რომელთა გამოსწორება მაშინ, როცა ისინი თითქმის დავაჟკაცებულნი არიან, გვიანაა”. – (ავტორი გენია.ჯი)