ამონარიდი ჯეკ ლონდონის რომანიდან – „ოქროს ხეობა”
„ – ეს შეცდომაა, – აღელვებით წამოიძახა ა ჩომ. – მე ის ჩაინაგო არა ვარ, რომელსაც თავი უნდა მოჰკვეთონ. ჩემი გვარია ა ჩო. პატივცემული მოსამართლის გადაწყვეტილებით მე ოცი წლის პატიმრობა მომისაჯეს ახალ კალედონიაში.
ჟანდარმს გაეცინა. კარგი ხუმრობაა სწორედ. ამ სასაცილო ჩაინაგოს სურს გილიოტინა მოატყუოს. ჯორები ჩორთით მიდიოდნენ. მათ უკან მოიტოვეს ქოქოსის პალმების ჭალა და მზეზე მოკიაფე ზღვისპირას ნახევარი მილიც გალიეს, ვიდრე ა ჩომ კვლავ შესძლო ლაპარაკი.
- მე გეუბნები აჩოუ არა ვარ-მეთქი. პატივცემულ მოსამართლეს არ უთქვამს, რომ მე მომკვეთონ თავი.
- ნუ გეშინია, – უთხრა კრუშომ (ჟანდარმმა) ფილანტროპული განზრახვით, რომ როგორმე შეემსუბუქებინა პატიმრის ყოფა.
- ასეთი სიკვდილი სულაც არ არის ძნელი, – თან თითები გაატკაცუნა, – ტკაც, და უცებ მორჩება ყველაფერი. განა ისეა, თოკზე რომ ჩამოეკიდები და მთელი ხუთი წუთის განმავლობაში სახეს მანჭავ და ფეხებს აფართხალებ, ხომ გინახავს, როგორ კლავენ წიწილას: ცულით თავს გააგდებინებენ და მორჩა. აქაც ასე ემართება კაცს. ერთი დარტყმა და მორჩა. სულ არ არის მტკივნეული. ვერც კი მოასწრებ იმის გაფიქრებას, გეტკინა თუ არა. თავი აღარ გექნება და ფიქრიც აღარ შეგეძლება. ძალიან კარგი სიკვდილია. მეც ვისურვებდი ასეთ სიკვდილს – უმტკივნეულოდ, ერთბაშად. ბედნიერი ხარ, რომ ასეთნაირად კვდები. ხომ შეიძლებოდა კეთრი დაგმართოდა, მაშინ ნელ-ნელა გაიხრწნებოდი, ჯერ ხელზე მოგვარდებოდა თითები, შემდეგ ფეხებზე. მე ერთ კაცს ვიცნობდი, რომელიც ცხელი წყლით დაიმდუღრა. საწყალი ორ დღეს კვდებოდა. მის გმინვას ერთ კილომეტრზე გაიგონებდი. შენ კი? ეჰ! ადვილად მორჩები. ჩიკ! – დაიძახებს დანა და მორჩა, ხელად გადაჭრის კისერს. ცოტა შეიძლება შეგიღიტინოს დანამ, თუმცა ვინ იცის? იმ ქვეყნიდან არავინ დაბრუნებულა, რომ ჩვენთვის ამის შესახებ ეამბნა რამე”.
P.S. უდანაშაულო ა ჩოს ის არ აკმარეს, რომ უსამართლოდ გამოუტანეს განაჩენად 20 წლიანი კატორღა, სხვის მაგივრად, შეცდომით – სიკვდილითაც კი დასაჯეს. – (ავტორი გენია.ჯი)