ამონარიდი ანდრო ლომიძის დიდებული მოთხრობიდან – „მათხოვარი”
„ – რა არ ვიღონეთ, მაგრამ სიკვდილი ვერ ვძლიეთ, თვალმაისა, ხუჭუჭთმიანი გოგონა ვერ გამოვტაცეთ. ჩემი ქმარი ბავშვის სიკვდილმა სულიერად გატეხა და ფიზიკურად დააძაბუნა. დარდისაგან გაოგნებულს მანქანა დაეჯახა და ტვინი შეერყა. მას ზოგჯერ შეეყრები საბავშვო სათამაშოების მაღაზიასთან. როცა მაცნობებენ, მაღაზიის წინ დგასო, ორ ექთანს ვაძლევ ფულს, ისინი მიდიან ჩემს ქმართან – გლახასთან და მოწყალებას გაიღებენ. ჩემგან კაპიკს არ იღებს, მევედრება, გათხოვდიო, შენი ღირსი აღარა ვარო. ფულს რომ ჩაიგდებს ხელში, უნდა ნახო, როგორ უბრწყინავს სახე, მაშინვე შევარდება მაღაზიაში, ამოარჩევს სათამაშოებს, ყიდულობს და მიაქვს სასაფლაოზე. წინათ მხოლოდ ჩვენი ბავშვის საფლავზე ალაგებდა სათამაშოებს, ახლა კი არ ვიცი – რა ცვლილება მოხდა მის ფსიქიკაში, სადაც კი წააწყდება ბავშვის საფლავს, ახალსა თუ ძველს – სულ ერთია, ლოდზე აწყობს სათამაშოებს და მიცვალებულს, როგორც ცოცხალს, ესაუბრება, თხოვს: მე რომ გამიგულებ, აბა შენ იცი, როგორ გაერთობიო. შინ დაღამებამდე ფუსფუსებს, მეხმარება, ღამით კი სასაფლაოსაკენ მიიჩქარის და როცა დარწმუნდება, რომ სათამაშოებისათვის ბავშვს ხელი არ უხლია, არ უთამაშნია, საშინელი ხმით აღრიალდება და სათამაშოებს ამსხვრევს…
ზეინაბი უცებ შეკრთა, გაჩუმდა და პირი ფანჯრისკენ იბრუნა. მერე წამოხტა, ფანჯარას ხელი ჰკრა და აღელვებულმა ხმის კანკალით მითხრა:
- გესმის?
მივაყურე. შემზარავი ხმით შორს ვიღაც ბღაოდა.
- ჩემი უბედური ქმარია…”