ამონარიდი ანდრო ლომიძის მოთხრობიდან – „ლოცვა”
„ – რა არის ასი წელი? ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ახლახან დავიბადე. წარსული? თანდათან დავიწყებას ეძლევა. და ის, რასაც აგრე სათუთად ინახავს მეხსიერება – ჩვენი ბავშვობა, თითქოს სადღაც, ოდესღაც ნახული სიზმარია. ადამიანს უკვდავი სიჭაბუკე სურს, ამაზე ოცნებობს. ის კი პეპელასავით ცოცხლობს და კვდება. არ მოგბეზრდება ამქვეყნად ყოფნა, რადგან იცვლება ქვეყანა, იცვლება ადამიანიც. მე მინდა მუდამ ახალგაზრდა ვიყო, ვიტანჯებოდე, ვხარობდე, ვეტრფოდე და ვეალერსებოდე ყოველი ერისა და დროის ნატიფსა და გათუთქუნებულ ქალს… გულიც რომ ბერდებოდეს, სიკვდილი აგრე რიგად ვერ შეგვაძრწუნებდა. ამ ორიოდე თვის წინათ ზღვისაკენ მივჩლატუნობდი, ჰოდა, სოფლის შარაზე სულ ახლოს ჩამიარა მაღალკანჭიანმა, მხარზე ფიჩხგადებულმა მეზობლის გოგომ. მზით შეფერილ სახეზე შავი სველი თმა ჩამოშლოდა, მოლისფერი კაბა შემოტმასმნოდა ზღვისაგან დანამულ განიერ თეძოებს, გათქვირულ მკერდს. მიყურებდა ამაყად და მკაცრად, ვიგრძენი გულში მიწყრებოდა – რას მომჩერებიხარ, შე ბერწო ბერიკაცოო. როცა ქალიშვილი ოქროსფერი ნაყოფით დახუნძლულ ფორთხოლის ხეებს მიუახლოვდა, მომხედა, ალბათ ზურგი აუწვა ჩემმა ჩაჟინებულმა მზერამ. უცებ წაიბორძიკა, კინაღამ წაიქცა, თავი ძლივს შეიკავა. ფიჩხი ფორთხოლის ხის ტოტებს მოედო, ოქროს რამდენიმე ბურთი ხეს მოწყდა, ქალიშვილს მხრებზე და მკერდის ფორთოხლებზე დააცვივდა. იგი შეკრთა და მკერდზე ხელი მიიფარა. ას ხუთი წლის ჩემი გული მაშინ ჭაბუკის გულივით ძგერდა. ქალიშვილი თვალს რომ მიეფარა, გამოვფხიზლდი და ისე დავპატარავდი, ჭიანჭველას დავემსგავსე. რატომღაც ტირილი მომინდა. თავი მოუკვდეს იმას, ვინც ამბობს – სიბერე ლამაზიაო. სიბერე იმიტომ გამოიგონა ბუნებამ, რომ სიკვდილთან როგორმე შეგვარიგოს. მოხუცებულობაში ის არის კარგი და ლამაზი, რაც არ არის მოხუცებული. ამ ერთი თვის წინათ მე დავამსხვრიე ყველა სარკე, ჩემი სახე შიშსა და ზიზღსა მგვრის. პირს უსარკოდ ვიპარსავ”.
P.S. (აღნიშნული ამონარიდი „გენია.ჯი”-ს მეთორმეტეათასე (12 000) პოსტია ქართულ ინტერნეტსივრცეში).