ამონარიდი რევაზ მიშველაძის მოთხრობიდან – „დიოგენი”
„ – გადავეჩვიეთ ერთმანეთის მოფერებას და პატივისცემას ადამიანები, ჩემო ვარდენ. არ ვიცი, რამ მოიტანა ეს ამბავი, მარა, ძალიან გავუტურამგელდით ერთმანეთს. მთელი ცხოვრება ვასწავლით კაცს ქურდობას და კარგად რომ ისწავლის, სწორედ მაშინ წავუჭერთ ყელში ხელს. ვინ გასწავლა, საიდან შეითვისე ეს მურტალი საქმეო. რა თქმა უნდა, გაქსუებულს და სინდისგარეცხილს რაც ეკუთვნის, უნდა მივუზღოთ, მაგრამ, რაც დრო გადის, უფროდაუფრო ძნელი რომ ხდება ავი კაცის კარგისაგან გამიჯვნა? რა დახვეწილი მანერებით, რა ანგელოზის ნიღბებით დააბიჯებენ მგლები ცხოვართა შორის. შენ არ იცი, რა ცუდ გუნებაზე მაყენებს, აგერ, ჩემს გვერდეით რომ კაცი ცხოვრობს და ერთ მშვენიერ დღეს რომ გამოგიცხადებენ – ჟულიკი აღმოჩნდაო. ძალიან ბევრი დამნაშავე ხომ არ დაგვიგროვდით მეთქი, ხანდახან ვეტყვი ჩემს თავს. გუშინ ის იმას იჭერდა და ასამართლებდა. იმ გამსამართლებელს კი დღეს, სრულიად კანონიერად, თვით ასამართლებენ. ეს რატომ ხდება იცი? ბევრმა დაივიწყა, რომ ერთი ანგარიშის ჩაბარება, სამსჯავროზე ერთი წარდგომა, თუ გინდა ერთი განკითხვის დღე – ყველას ელის. ყოველდღე იმდენი უსიამოვნო ამბავი მესმის, იმდენი ავაზაკი ტრიალებს ქვეყანაზე, რომ წესიერი ხალხი სანთლით საძებარი გახდა”. – (ავტორი გენია.ჯი)