ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „მდგმური”

„თუ ადამიანისა და ცხოველის ნათესაობა უეჭველად უნდა დამტკიცდეს, საუკეთესო საბუთი ვნებით გათანგული კაცია. კაცი, რომელსაც გონება ამღვრეული აქვს, თვალები ამღვრეული აქვს, აზრები და ფიქრები ამღვრეული აქვს. ყველაზე მეტად ვნების სიმხურვალე გვაახლოვებს ცხოველთან, ყველაზე მეტად უსასრულობის სევდა გვაშორებს. და დაბადებიდან სიკვდილამდე ასე ვირწევით ქანქარასავით ორ პოლუსს შორის. ვუახლოვდებით და ვშორდებით, ვუახლოვდებით და ვშორდებით”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – საკუთარ თავს ჯერ არავინ გადახტომია”.

* * *

„ – სიტყვებს უპატრონოდ ნუ დაყრი”.

* * *

„შეუხედავი ქალები ისე დაბერდებიან, ვერც ამჩნევ. ლამაზებს კი ბედი არ სწყალობთ: ერთი პაწაწკინტელა ნაოჭი ხელად გეცემა თვალში”.

* * *

„ასეა ყოველთვის: რამე რომ დაგავიწყდება, სანამ გაიხსენებდე, გგონია, თითქოს საოცრად მნიშვნელოვანი რაღაცაა და იმაზეა დამოკიდებული მთელი შენი სიცოცხლე. ხოლო როცა გაიხსენებ, აღმოჩნდება, რომ სულ უბრალო რამე ყოფილა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შეუძლებელია, კაცი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს. იმიტომ რომ, სიყვარული ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირატესობის შეგნება. ხოლო თუ ვინმეზე მუხლმოყრილი ლოცულობ, იქ უპირატესობის გრძნობა გამორიცხულია”.

* * *

„სასწაულები, უბრალოდ, მშენებლებისა არ იყოს, ორ ჯგუფად არიან გაყოფილი: სასწაულები, რომლებიც ყოველდღე ხდება და ამიტომ სასწაულად არ ვთვლით, და სასწაულები, რომლებიც ჯერ არ მომხდარა და ამიტომ არ გვჯერა. აგური რომ თავისით ავიდეს ხარაჩოზე, სასწაულად ჩავთვლით, ხარაჩოდან რომ ჩამოვარდება, ეს კი ჩვეულებრივი ამბავია და არ გვიკვირს, რადგან ძირს ხალიჩასავით გავუფინეთ მშვენიერი იდეა – მიზიდულობის ძალა. მაგრამ, რაც თავი გვახსოვს, სულ რომ თავისით ადიოდეს ზევით, მაშინ განზიდულობის ძალას მოვიგონებდით და ჩამოვარდნა გაგვიკვირდებოდა”.

* * *

„ერთადერთი ბუნებრივი ფერი შავი ფერია, რადგან ის იყო დასაბამიდან. როცა სამყარო არ არსებობდა, სივრცეში განუყოფლად ბატონობდა მარადიული ღამე და შავი ფერი. დანარჩენი ფერები მისგან შეიქმნა. დანარჩენი ფერები მისი დამახინჯებული ნაირსახეობანი არიან”.

* * *

„სხვისას ვატყობთ ადვილად, თორემ, როცა ჩვენ გვეხება საქმე, ყველანი ბოთეები ვხდებით”.

* * *

„თავი რომ კედელს ურტყათ, ქვეყნის ენერგიას დახარჯავთ, მაგრამ არა მგონია ამით ან კედელს შეემატოს რამე, ან თავს. ფუჭი ფანტაზია წყალში გადაყრილი ენერგიაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>