ამონარიდები გიორგი სიჭინავას რომანიდან – „გვირილების მინდორი”
„ – სოფელს სათავეში ჭკვიანი და კეთილი კაცი თუ ჩაუდგება, იქნებ ბევრი რამ გაადვილდეს. მაგრამ მართლასა და ჭკვიან კაცს სოფლის თავკაცად არავინ მოუხმობს. არც არის მისი მოსვლა საჭირო. თუ უმეცარი თავისი უჭკუობით დაღუპავს სოფელს, ჭკვიანი ყველაზე მძაფრად გრძნობს წუთისოფლის ამაოებას. საშუალო გონების კაცია საქმიანი და გულდაჯერებული. მართალია, ის სოფელს ვერ ააშენებს, მაგრამ ვერც დასაღუპავად გაიმეტებს”.
* * *
„ნუ ეძებ ყველაფრის სათავეს, ზოგჯერ მათი პოვნა შეუძლებელია. დაიწყე იქიდან, საიდანაც შეგიძლია. ძალზე შორს წასვლამ, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება ქვების ასაწონად რიყეზე ჩაგიყვანოს”.
* * *
„თავს უბედურად ნუ ჩათვლი, შენს ანკესს თევზის მაგივრად გველი თუ ამოჰყვა. გველი გადააგდე და უმალ მოიკრიბე ძალა იმისათვის, რომ ანკესი ხელახლა მოისროლო მდინარეში. სხვაგვარად არ გამოვა”.
* * *
„სოფლის კანონი ასე ყოფილა: თუ ვერ დაიმონებ, უნდა ემონო. მესამე გზა არ არსებობს”.
* * *
„გაუბედავი მტრობა ქარქაშში ჩაჟანგულ ხმალსა ჰგავს”.
* * *
„კარგია ვინმე მლოცველი თუ გყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი კაცისთვის მაინც გაგიკეთებია სიკეთე”.
* * *
„როცა ცუდ დღეში ჩავარდები, ბევრ რამეს შეელევი თურმე…”
* * *
„ – ეცადე, მარტო არ დარჩე. უქომაგო კაცი დაიღუპება…”
* * *
„სულ არსად ყოფნას ცაში ყოფნა გვირჩევნია”.
* * *
„ადამიანები ბუნებით ეჭვიანები ვართ: რასაც საკუთარი თვალით ვერ ვხედავთ, ყველაფერი სიცრუე გვგონია”. – (ავტორი გენია.ჯი)