ამონარიდები გიორგი სიჭინავას რომანიდან – „გვირილების მინდორი”
„ – თუ გონს წამართმევ, სინათლეს როგორ მპირდები?..” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სულ სხვა გრძნობა უჩნდება ადამიანს, როცა ხედავს, რომ იგი საჭირო კაცია”.
* * *
„საოცარი რამ არის ადამიანის თვალები. თითქოს ის სარკმელია, პაწაწინა სარკმელი, სამყაროსკენ გასახედი. ის ხედავს მზის ნათელს, მიწის ფერებსა და შორეულ სილურჯეს… ის თითქოს ყველაფერს ხედავს, რაც უბადრუკი არსებობისათვის აუცილებელია, ხედავს იმ საგნებს, რომლებიც შეიცნო და დაიმორჩილა და იმათაც, რომლებზედაც ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. ხედავს ადამიანებს, ხედავს ყველას, საკუთარი თავის გარდა. საკუთარი თვალებით კი საკუთარი თავის დანახვა არ შეუძლია. ვინ იცის, ეს იქნებ შემოქმედისაგან დიდი წყალობაცაა – დავინახოთ ყველაფერი, საკუთარი თავის გარდა. და მაინც რაოდენ დიდია ადამიანში საკუთარი თავის შეცნობის სურვილი. ადამიანი იხედება სარკეში, იხედება საკუთარ სულში, აინტერესებს, რას ამბობენ მასზე. საკუთარ თავს ეძებს ყველგან და ყველაფერში…”
* * *
„ერთხელ მაინც თუ არ გინახავს, როგორ წვანან ისინი მთელი ზამთარი მიწაში, ვერასოდეს გაიგებ გველებზე სიმართლეს. კაცთათვის ცოცხლად მოარული სიძულვილია უხსენებლი, თუმცა ღმერთმა თუ ეშმაკმა ნიჭი და უნარი არ დაიშურა მათი წყეული ტანის მოსახატად. ვერც ამ სილამაზემ უშველა შხამით დატენილ არსებას. არ მეგულება სულიერი ამ ცისქვეშეთში, მას რომ არ მტრობდეს. მისი მომაკვდინებელი შხამისა და კიდევ სხვა ავ თვისებათა გამო, არავის სჯერა, ამ წყეულ არსებას უდიდესი სიყვარულის უნარიც რომ გააჩნია. მთელი ზამთარი ერთმანეთს გადახვეულნი წვანან მიწაში. წვანან და ითმენენ ზამთრის სუსხსა და ყინვას. მხოლოდ დიდ სიყვარულს შეუძლია ასეთი დათმენა. მათი ერთურთს გადაგრაგნილი სხეულების შემხედვარე მუდამ შემაძრწუნებელ აღტაცებაში მოვსულვარ და ჩუმად, გაუბედავად მიფიქრია: განა ადამიანებს შეუძლიათ ასე ჭირთა თმენა და ერთმანეთის გატანა?!”
* * *
„ – ქვეყანა დიდია, შვილო, და გზაც მრავალია, მაგრამ გზა და გზა ხეტიალით არავის მოუჭამია წუთისოფელი…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ბავშვს წერა-კითხვა უნდა ასწავლო, მაგრამ ეგ როდია საკმარისი, ჩემო ნიკიფორე… წერა-კითხვის გარდა ბევრი რამ არის საჭირო… პატიოსნებაც უნდა ასწავლო.
- პატიოსნება არ ისწავლება, ჩემო კაცია…”
* * *
„ – საოცარია ეს სოფელი! მდიდარიც ჩივის და ღატაკიც”.
* * *
„ღარიბი კაცი მდინარისაგან გარიყულ ნაფოტსა ჰგავს, რომელსაც ცხოვრება ისე ჩაუვლის, როგორც იმ გარიყულ ნაფოტს წყლის დინება. ნამდვილად არ არის კაცთა ცხოვრება კარგად მოწყობილი”.
* * *
„კაცის ცხოვრება, ბოლოს და ბოლოს, რაღაცით გართობაა”.
* * *
„თურმე, ორი სიცოცხლეც არ გყოფნის. ასე განუზომელი, დაულეველი და მიუწვდომელი ყოფილა ჭეშმარიტების გზა!” – (ავტორი გენია.ჯი)