ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მაკიზარებთან”
„შეიძლება, ათასი დარიგება და ანდაზა ცალ-ცალკე სწორი და სასარგებლო იყოს, მაგრამ ერთად აღებული, ურთიერთ საწინააღმდეგო ქაოსად გადაიქცეოდა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბევრ დიდკაცს, რომელსაც ჩარხი უკუღმა დატრიალებია და საკუთარ ხელქვეითებს მისი ძვლები საფლავიდან ამოუყრიათ, ეს არ დაემართებოდა, პირმოთნე, ენალაქუცა კარისკაცები რომ გაერიყა და პირში მთქმელი, მწარე კაცი, რომელიც ეზიზღებოდა, დაეახლოვებინა!”
* * *
„გამარჯვებას მოვლა და გამოყენება უნდა”.
* * *
„ადამიანებო, ნუ უშხამავთ ერთმანეთს სიცოცხლეს! ნუთუ, არ გესმით, რომ ორი დღით ხართ ამ ქვეყანაზე! მხოლოდ თქვენს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული საყოველთაო ბედნიერება. ეს ჭეშმარიტება ყველამ იცის და მაინც ვერაფერს სცვლის ამის ცოდნა!..”
* * *
„ჭირნახული ადამიანი, საერთოდ, ფანატიკურად ოპტიმისტი და მეოცნებეა; დარწმუნებულია, რომ კლდეს გაარღვევს, და ეს, თუნდაც, იმიტომ, რომ მას აღარაფერი აკვირვებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არის წუთები, როცა უნებლიეთ ვუფიქრდებით წარსულს და ბევრ იმისთანა ფაქტს აღმოვაჩენთ განვლილის ცხოვრების გზაზე, რომელთაც მანამდე ვერ ვამჩნევდით”.
* * *
„ყველაზე დიდი უბედურება ის ყოფილა, როცა გრძნობ, რომ წინააღმდეგობას, ბრძოლას, ურჩობას, ყოველგვარი აზრი დაუკარგავს, როცა იძულებული ხარ, სხვის ნებასურვილს ჩვარივით ფეხქვეშ გაეფინო!..”
* * *
„თხოვნასაც შნო უნდა! დაჯღანულ მათხოვარს გამოხრულ ძვალსაც არ გადმოუგდებენ!”
* * *
„ზოგჯერ, რა საუკუნედ იქცევა ხოლმე ერთადერთი პაწია წამი!”
* * *
„კაცის სურვილები და მოთხოვნები მართლა ისე უსაზღვრო კი არაა, ერთი შეხედვით რომ გეგონება. ყველამ იცის თავის კალაპოტი და ზედმეტს, იმისთანა რამეს, რაც არ ეკუთვნის და ერგება, იშვიათად თუ ვინმე მოგთხოვს. ამიტომ, სათხოვარზე მოსულ კაცს არასოდეს უარი არ უნდა უთხრა…” – (ავტორი გენია.ჯი)