ამონარიდები რეზო ჭეიშვილის მოთხრობებიდან…
„ – საერთოდ, თქვენ თავზე არ მიიღოთ და, ყველა ჭკუას რომ გარიგებს, ცუდია”. – (წლევანდელი ზაფხული წყალტუბოში) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხელგაკოჭილი კაცი რაღაც ღირსებას ინარჩუნებს ყოველთვის, სხვის თვალში პატივსა და თანაგრძნობას იმსახურებს”. – (ღია წერილი)
* * *
„ – როგორ შეიძლება ერთი კაცი ყველაზე მაგარი იყოს… კლეი ყველაზე მაგარი მოკრივეა, პელე ყველაზე მაგარი ფეხბურთელია, ფაქტიურად მართლაც ასეა, მაგრამ პრინციპში, როგორ შეიძლება ამის თქმა, რომ ერთი კაცი ყველაზე მაგარია ან უკეთესია. შეიძლება არის ვიღაც, რომელიც ცხრა პელეს ჯობდა, ან ჯობია, მაგრამ ფეხბურთს არ თამაშობს ან თამაშობს და ვერავინ ამჩნევს… გუბეში, ჭაობში ბაყაყი ყველაზე უკეთესად დაცურავს. ჩვენ რომ ახლა კოჭებამდე წყალში ჩაგვყარო, ვერავინ ვერ გაიგებს ვინ უკეთესი ცურვა იცის, მით უმეტეს გამოუცდელი თვალი ვერ შეამჩნევს ვერაფერს… კასიუს კლეი შეიძლება ფეხზე არ გააჩეროს ვიღაც უცნობმა, რომელსაც ჩხუბი არ უყვარს და არც აინტერესებს. ვიღაცას გაუმართლებს, წინ გავარდება ხოლმე, ვიღაც გზაში დაეცემა, დაეცემა შემთხვევით თუ საკუთარი ინიციატივით გამოეთიშება თამაშს, რას გაიგებ… მე ერთი სპორტსმენი ვიცი, რომელზედაც ახლა მსოფლიო უნდა ლაპარაკობდეს და ის აღარ არის საერთოდ. ყველაფერი შემთხვევაზეა დამოკიდებული, თუ რაზეა, არ ვიცი…” – (წლევანდელი ზაფხული წყალტუბოში)
* * *
„მთავარი ის კი არ არის, რას ამბობ, არამედ – როგორ ამბობ, რას იტყვი კი არა, – როგორ იტყვი”. – (პაპიაშვილის ბრალდების საქმე)
* * *
„ბოლო ყველაფრისა ერთია; ყველაფერს მიწა შეჭამს, ყველაფერს მიწა გაასწორებს, ადამიანის საფლავს დავიწყების ბალახი და ეკალი გადაუვლის ადრე თუ გვიან”. – (კინოგადაღება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგს დღემდე ჰგონია, დიდი ტანის ადამიანებს ეშმაკობა აკლიათო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ უფრო ხშირად მხოლოდ ზღაპრებშია უმცროსი ძმა ჭკვიანი, პატარა ტანის კაცი მოხერხებული და ღვთისპირიდან ამოვარდნილი, დიდი ბოთე და შტერი”. – (კინოგადაღება)
* * *
„არის მომენტები, რომლებიც, სამწუხაროდ, არასოდეს მეორდებიან”. – (წლევანდელი ზაფხული წყალტუბოში)
* * *
„გარდუვალს ვინ გარდუვა. მოსახდენი მაინც მოხდება, ხელისგულზე ბედის ხაზების სიგრძითა და სიუხვითაც რომ იყო გალაღებული”. – (ღია წერილი)
* * *
„ალბათ, ყველაფერს ბედი უნდა. ცდა მაინც, რადგან ცდა ბედის მონახევრეა”. – (მწერალი)
* * *
„ყველა ადამიანი იმას არ აკეთებს, რისთვისაც დაიბადა”. – (წლევანდელი ზაფხული წყალტუბოში) – (ავტორი გენია.ჯი)