ამონარიდები გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება”
„ – უფალმა მოგვცა და უფალმა წაგვართვაო, ამბობ, მოძღვარო. არა სჯობდა, სულ არ მოეცა, ან რაკი მომცა, უსამართლოდ აღარ წაერთმია, არ გავემწარებინე და განგების მგმობელი არ გავეხადე?
- ჩვენ ვერ გავიგებთ უფლის სიბრძნეს. წართმევა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც მოგვცა და იმის პასუხიც, თუ რატომ მოგვცა ან რატომ წაგვართვა, მხოლოდ მას ერთადერთს აქვს საიდუმლოდ, ჩვენთვის მიუწვდომლად დაცული. უფალი ბრძენია და სამართლიანი. კეთილი და უბიწო მას უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ჩვენ, რადგან სიყვარული უფლისა დიდად აღემატება ადამიანის სიყვარულს, უსაზღვროა და დაუსრულებელი ნეტარება მისი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ადამიანი სხვადასხვა ვარსკვლავზე იბადება, ზოგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ელის ბედს, ზოგი თვითონ მიისწრაფვის მისკენ, ზოგიც მშვიდად ზის და ელის.
- ეგეც მართალი უნდა იყოს, ეტყობა, ადამიანები სხვადასხვა ვარსკვლავზე ჩნდებიან. ზოგჯერ ისინი ერთადაც იბადებიან: ერთმანეთსაც გასაოცრად ჰგვანან, ერთნაირ პირობებშიც იზრდებიან და მაინც სხვადასხვა ბედისა არიან”.
* * *
„გაცემა მაშინ გმართებს, როცა მშოვნელი იქნები”.
* * *
„არა სხვისი მოკვლა და სხვათა ძლევა არის ქრისტეს გმირობა, არამედ სხვათა გადასარჩენად, სხვათა დასახსნელად თავგანწირვა და ჯვარზე ასვლა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ხომ გიყვარს ქრისტე-ღმერთი, ბატონიშვილო?
- მწამს და მიყვარს, ოსტატო!
- ჰოდა, ეცადე, მას მიჰბაძო და მასავით სხვისთვის ეწამო. სხვათა გადასარჩენად ჯვარცმისა არ შეგეშინდეს. ეცადე, ეგ რწმენა არასოდეს დაკარგო და მოიშალო. რწმენის დაკარგვა ადამიანისათვის ყველაზე დიდი უბედურებაა. აქვეყნად რამე უნდა გწამდეს მტკიცედ და ეჭმიუტანლად. დიდი საქმის გაკეთება მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც მთელი არსებით სწამს რაიმე. ადამიანს უნდა უყვარდეს, მთელი არსებით უნდა უყვარდეს და იმას როდი აქვს მნიშვნელობა, სხვა როგორი თვალით შეხედავს მის სატრფოს, ლამაზად მოეჩვენებათ იგი, თუ მახინჯად”.