ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობებიდან…
„გვირგვინს მხოლოდ უგუნურები მიელტვიან. უგუნურებს გვირგვინის ბრჭყვიალი აბრმავებთ, გვირგვინის სიმძიმე კი არ უწყიან. ვინც გვირგვინს იდგამს, იგი თავის თავისა აღარ არის”. – (ბედნიერების მაძიებელი უფლისწული)
* * *
„ზოგი რამ გარეგნობაშიც ჩანს”. – (გუბე)
* * *
„ – ადამიანი სხივია, რომელიც სამყაროს შემოუვლის და ისევ თავის ვარსკვლავს უბრუნდება”. – (ბედნიერების მაძიებელი უფლისწული)
* * *
„ჯოჯოხეთზე უარესი ჯოჯოხეთია, კაცი რომ უსაქმოდ და უაზროდ ზიხარ ერთ ადგილას და მხოლოდ დროის გასვლას ელოდები”. – (ჭოლა)
* * *
„ადამიანის თავში ისეთი განუკითხავი არეულობა სუფევს, განსაკუთრებული და უჩვეულო რომც არაფერი ხდებოდეს, დაინტერესებული თვალი მაინც მრავალ თავშესაქცევს იპოვის”. – (გუბე)
* * *
„ადამიანმა დიდი გზა უნდა გაიაროს, სანამ თავის თავს მიაღწევდეს”. – (ბედნიერების მაძიებელი უფლისწული)
* * *
„თუ დღეები თავიანთ იდუმალ განზრახვას მართლა ამჟღავნებენ რაიმე ნიშნის მიხედვით, ამ ნიშნების ამოცნობას ალბათ უფრო ნატიფი და მგრძნობიარე სული სჭირდება”. – (სოლომონიანი)
* * *
„მოხუცებს სჩვევიათ ხმამაღლა ფიქრი”. – (რაჰათ-ლუხუმი)
* * *
„გარეთ რას ეძებ, ადამიანო, ბედნიერებას, ბედნიერება შენშივეა”. – (ბედნიერების მაძიებელი უფლისწული)
* * *
„ – ღმერთო, მაღალო და ყოვლადძლიერო, სიცოცხლის ნამი მიპკურე ქვეყანას, ვენახს წვენი არ გაუშრო და კაცს სისხლი არ გაუციო”. – (ბედნიერების მაძიებელი უფლისწული) – (ავტორი გენია.ჯი)