ამონარიდები მამია ასათიანის მოთხრობიდან – „აკვნის ოსტატი”
„ – ომია, შვილო, უკაცოდ დარჩენილ ოჯახებს, აბა, რა ეშმაკად უნდათ აკვანი.
- მერე, შე კაცო, რატომ სხვა არაფერს არ გააკეთებ? აი, თუნდ კუბოებს.
ივანეს ტანში გააჟრჟოლა.
- რა თქვი?! – შეეკითხა გაოცებით.
- რა ვთქვი და, რატომ კუბოებს არ აკეთებ-მეთქი?
- რამ გათქმევინა ეს, შე კაი კაცო?!
- რატომ გაგიკვირდა? ფულის საქმეა, ადამიანო!
- მე მთელი ჩემი სიცოცხლე აკვნებს ვყიდდი და ახლა სად წავიღო კუბოში აღებული ფული?
- შე კაცო! თეოფილე სინაურიძის შვილის ამბავი ხომ გაიგე? მოუკლავთ, ხომ ხედავ, ომია.
- მე კი იმ ბიჭის შესახებ არაფერი ვიცოდი, – ყრუდ ჩაილაპარაკა მოხუცმა და ერთხანს უხმოდ იჯდა, ფიქრში წასული, მერე ნელა წამოდგა, მეზობელს ბრაზით შეანათა თვალები და წყნარად, მაგრამ ზიზღით უთხრა:
- მერე იცი, ვის გაკეთებულ აკვანში იწვა ი ბიჭი?! იცი, მე და მამამისს რამდენი ღვინო შეგვისვამს, სანამ იგი აკვნიდან საწოლში გადაწვებოდა?! არა, მეზობელო! აკვნის ოსტატი კუბოს ვერ გააკეთებს! – ჩაფიქრდა მოხუცი და თვალებანთებულმა განაგრძო: – არა, ბიძია, მე აკვანს ვაკეთებ, სიცოცხლის ბუდეს ვძერწავ. რამდენი ბავშვი იბადება, იმდენი ჩემს სიცოცხლეს ემატება რაღაც ბედნიერი ნაწილი. კუბოები კი… – აენთო მოხუცს სახე, წამოდგა. – ახლა მე სახელოსნოს ვკეტავ, შენთვის არა მცალია, საქმე მაქვს, საჩქარო საქმე! – კარ-დარაბა მიხურა და გაოგნებული მუშტრის ცხვირწინ ბოქლომი სახელოსნოს ისე დაადო, თითქოს სამუდამოდ დაკეტა”.
* * *
„ – ხე, შვილო, ადამიანივითაა, სიცოცხლის წყურვილითაა სავსე და გამუდმებით შრომაში მყოფი. ავადმყოფობაც ბევრი იცის ხემ. ბატონებიც კი იცის, წითელას მსგავსი. ტანი ისე გაუწითლდება ფიჭვს, თითქოს ღვინოში ამოავლესო. ზეზეურად ხმება, თითქოს ჭლექი შეჰყროდეს. ასეთ ხეს შალაშინი არ ეკარება, ნაჯახქვეშ იქერცლება; თუთუნის სენიც იცის ხის ტანმა, ხელისგულზე მოფშვნილ თამბაქოს მტვერივით გაუხდება გულბოყვი. ხის მოჭრას თავისი დრო აქვს. დროზე მოჭრილი ხე კარგი და გამძლეა, ნორჩი ხე ლორთქოა და რბილი, დროგადაცილებული კი მობერებულია, სიცოცხლისაგან გამოფიტული. კარგი აკვანი ცაცხვისაგან კეთდება. რამდენად დრო გადის, ელვარება და სილამაზე ემატება. რწევის დროს რბილხმიანი, ხავერდოვანი, დედის ნანასავით ტკბილმოუბარია. არტახების დასაქაჩი თითები კი სხვა ხის უნდა, რომ მუხლი არ დაუმძიმოს ბავშვს; თელაც კარგია სააკვნოდ, მაგრამ კილი უჩნდება. როცა ეს ხის ჭია შეძვრება აკვნის გამხმარ სხეულში, ხრავს და ხრავს თელის მასალას, ბავშვიც წუხს და არ ეძინება. ცაცხვის მასალას ჭია არ ეკარება. მისი საოცრად მაგარი ყბები უღონოა ამ ხის ქსოვილთან. ამიტომ არის ცაცხვის აკვანი კარგი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ბიძიებო და შვილებო! ხალხი ბევრს მოითმენს, მაგრამ საზღვარიც იცის. ხალხის რისხვა აღელვებულ ზღვაზე უარესია”.