ამონარიდები თეიმურაზ ლანჩავას მოთხრობიდან – „სცვიოდა ხეს ფოთლები…”
„ღმერთმა ნუ ქნას მუდამ დღე რომ ერთმა კაცმა იმეფოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ხშირად აიხედე ცისკენ, ისე იცხოვრე, რომ ცისა და მიწისთვის თანაბრად განაწილდე…”
* * *
„ – საქვეყნო საქმისათვის რკინის უღელში რომ შეებმები და ერის ტვირთს ცოტაზე მაინც წააჩოჩებ, მაშინ ვიწამებ შენსას”.
* * *
„უნდა განვმეორდე, – გავიფიქრე და ბავშვობა გავიხსენე”.
* * *
„მთავარია გული გივარგოდეს, კაცს”.
* * *
„ნათქვამია, მატლმა მუხა დასცაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მიწა ცისკენ გახედვას დაგავიწყებს თუ დაგიმონა”.
* * *
„ღობეზე შეფრენილი მამალი ფრთებით ანიავებდა ჯერ კიდევ შემორჩენილ ღამის ბურუსს, შეჰყიოდა ამომავალ მზეს, ცოცხალი ვარო, თვითონაც უხაროდა.
ასე მეორდებოდა ყოველ ცისმარე…
კაშკაშებდნენ ვარსკვლავები, ბრწყინავდა მზე და სხივთა ოქროს ხლართებში გაბმული ქვეყნიერება ჰგავდა ჰამაკში ჩაწოლილ ჩვილს, ყოველი წუთი რომ ახალი სასწაულებისაკენ მიაქანებს.
თოვდა და წვიმდა, ჭექდა და ქუხდა, თავქვე მიერეკებოდნენ მიწიერ ნადავლს მოდიდებული მდინარეები, მერე ისევ ისარკებოდა ცა, ილანდებოდა თვალსაწიერი და გასცქეროდა ძეშეცდომილი რაღაც შორეულსა და მიუწვდომელს.
მზე ზრდიდა და ამწიფებდა ნაყოფს. მზე ზრდიდა და ამაგრებდა ნაშობს. მზე ყოველთვის ტოვებდა დედამიწაზე იმდენ სითბოს, რომ ეპოვა თავისი თავი კაცში, ბალახში, ქვაში და მიწაში.
გონჯი და მზეთუნახავი, გონიერი და გონებაბრჯუ, თანაბრად ითხოვდა მიწისაგან საარსებოს და ისიც, მზით დაფეხმძიმებული, გულუხვად სცემდა მოწყალებას.
დავყურებდი მიწას, მარჩენალს”.