ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „ზებულონი”

„დრო-ჟამი გზასა ჰგავს, მიდის, მიდის, მიდის და მერე უეცრად საითკენღაც მოუხვევს. ოღონდ გზა ჩანს, დრო-ჟამი კი უხილავია და, თუ სიბრძნის შეუცდომელმა ალღომ მისი მოახლოება არ გამცნო, მთავარ გზას ასცდები და ან ხევში გადაიჩეხები, ან ტყეში დაიკარგები”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქალის გული შვილის გულისთვის სხვანაირად ძგერს”…

* * *

„დღეს რომ ყველამ მარტო ჩვენ-ჩვენ ოჯახებზე ვიზრუნოთ და ის ძაფები, მამა-პაპას რომ ფაქიზად დაურთავს და რუდუნებით შემოუვლია ირგვლივ ყველა ჩვენთაგანისთვის, რათა ქართველობა ერთ ხმა და ერთ პირ ყოფილიყო, ჩვენი უჯიათობითა და მოთავისეობით ისევ დავწყვიტოთ, დრო არ გვაპატიებს. დრო, ჩვენი მთავრი მოკეთეცა და მთავარი მტერიც, ვისაც ყველაფრის უფლება აქვს, კიდეც გაგვიწყრება და კიდეც დაგვძრახავს. ხოლო შთამომავლობამ, ჩვენი უგუნურებით გულგაქვავებულმა, ვაითუ ზიზღიც არ გვაღირსოს, ისე გულგრილად გადაუაროს ჩვენს გაპარტახებულ საფლავებს, თითქოს არასოდეს ვყოფილვართ და არასოდეს არაფერი გვტკენია”…

* * *

„ – ჩემი მოკლე ჭკუით, რაც მეტი საფიქრებელი აქვს კაცსა, სატანჯველიც მეტი აქვს”.

* * *

„ჩვენი გადარჩენის ერთადერთი ღონე ის არის, მთელ საქართველოში სწავლა-განათლების კელაპტრები ავანთოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – მალე ხმლისა და შუბის ომი დამთავრდება, ისახარ, და გონების ომი დაიწყება, წიგნიერების ომი დაიწყება, სწავლისა და განათლების ომი. უცხო ქვეყნებში მეომრები უკვე ბრძენთა ფერხთით ყრიან იარაღს და სწავლულებს შეგირდებად ებარებიან. სანამ მტერი ხმლითა და მკლავით გვიტევს, ჩვენც ხმლითა და მკლავით ვეგებებით და ავად თუ კარგად, ჩვენს მიწა-წყალს ვიცავთ. თუმც კი სისხლი ძლიერ გვდის, მაინც სისხლისგან არ დავცლილვართ, დედამიწის გულზე ჯერ კიდევ წერია საქართველოს სახელი. მაგრამ წინ უფრო მძიმე განსაცდელი გველის. როცა გონების დიდი ომი დაიწყება და ურიცხვი მტერი წიგნითა და ცოდნით შემოგვიტევს, მაშინ დაგვიდგება ძნელბედობის ჟამი. თუ ახალი იარაღი არ ავისხით და ძველებურად ხმალი ვიქნიეთ, ჩვენი ხმალი ჰაერს გაჰკვეთს, მტერს კი ვერას დააკლებს, მტერი სწავლითა და განათლებით გაგვქელავს და გაგვაცამტვერებს. აი, მაშინ კი უეჭველად მოვისპობით, მაშინ კი უეჭველად გაქრება ჩვენი სახსენებელი და ოდესმე, როდესაც ქვეყნიერებას საერთო სიყვარულის წმინდა ნათელი დაეფინება, ვინ იცის, ერთი სულიერიც აღარ იყოს, ვისაც ეხსომება, რომ ოდესღაც დედამიწაზე ქართველი კაციც ბოგინობდა”.

* * *

„ხელმწიფობაზე უარის თქმა იმდენად საოცარი და გაუგონარი ამბავია, კაცი ზღაპარშიაც ვერ დაიჯერებ”.

* * *

„მართალ საქმეს ღმერთი მიუძღვის წინ”.

* * *

„ყველას თავისი საკუთარი სიკვდილი ჰყავს და, ჟამი რომ დაჰკრავს, ის საკუთარი სიკვდილი ეწვევა სწორედ”.

* * *

„დრო ავი იყო, ქვეყანა – გავერანებული. ყოველი მხრიდან ურჯულოებით გარშემორტყმული პატარა კუთხე გააფთრებით იბრძოდა თავისუფლების შესანარჩუნებლად. უცხო თვალისთვის ასეთი უიმედო ბრძოლა იქნებ ღიმილის მომგვრელი უგუნურობა იყოს, მაგრამ ქართველებს მაშინ დანებება არ უყვარდათ, სახელს ზომაზე მეტ ფასს ადებდნენ და უმალ ხმალს შეუშვერდნენ კისერს, ვიდრე უღელს. მართალია, დროდადრო გონიერი კაცებიც გამოჩნდებოდნენ და ირწმუნებოდნენ, უთანასწორო ბრძოლას დამორჩილება სჯობიაო, რადგან მონა ადრე თუ გვიან თავს გაითავისუფლებს, მკვდარს კი აღარაფერი ეშველებაო, მაგრამ მათი ქადაგება უნაყოფო იყო და ბოლოს და ბოლოს იძულებული ხდებოდნენ, თვითონაც ხმლები აელესათ და ომში წასულიყვნენ. მტერი კი ქართველობას ნაირ-ნაირი ჰყავდა და ნაირ-ნაირი ხერხებით ცდილობდა მის მოსპობას. ზოგი დიდი, კარგად განწყობილი ლაშქრით მოდიოდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაექრო ქართველის სახსენებელი, ზოგი წვრილ-წვრილ, მუხანათურ თავდასხმას ამჯობინებდა, ზოგიც მეგობრობას ეფიცებოდა, მკერდზე მჯიღებს იბრაგუნებდა და ცდილობდა გულში ჩაეკრა, რათა ასე გულში ჩაკრული მოეხრჩო იგი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>