ამონარიდები რევაზ ინანიშვილის მოთხრობებიდან…
„ბავშვის კუთვნილი ნივთიერი სამყარო თითქმის სრულ წარმოდგენას გვაძლევს თვით ბავშვის, და არა მარტო ცალკეული ბავშვის, ხშირ შემთხვევაში, მთელი მისი თაობის ბუნებაზედაც კი”. – (ორი წერილი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – შიში ჩაუნერგე ბავშვებს. ჩაუნერგე, რომ, რაც გასაკეთებელი აქვთ, უნდა გააკეთონ”… – (ჩიტების გამოსაზამთრებელი)
* * *
„ – გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმისი მაქებარიც, ერთ ისეთ კოცნად არა ღირდა, ეხლა კინოში რომ ჰკოცნიან ქალი და კაცი ერთმანეთს!” – (ძველი ქართველი ქალი)
* * *
„ადვილი მისახვედრია ერთი: წუხილი ყველგანაა”. – (ტყე) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მონადირე შეშლილ ვარსკვლავზეა დაბადებული”. – (ოჩოპინტრე)
* * *
„სხვებს ჰყავდეთ მფარველად, ვისაც ვინ სურს. ჩვენ კი დღეისათვისაც იმ ბადრი მთვარის მფარველობა გვყოფნის. როდესაც გვიჭირს, ამობრდღვიალდება ცაზე, ჩვენ დაკარგული ობლებივით შევდივართ მის ქვეშ, ვიჭუჭკებით და მისი სხივებითა და ერთმანეთის სუნთქვით ვითბობთ ნერვიულობით დამზრალ, აკანკალებულ ხელებს”. – (მთვარე)
* * *
„ – მე უკვე მიწა ვარ, ჩემთვის ჩაყუჩებული მიწა, – როგორც არ უნდა დამფშვნა, სადაც არ უნდა ჩამყარო, მოვა ღრუბელი, მომიტანს წვიმას და აღმოვაცენებ ბიბინა ბალახსა და შრიალა ფოთლებს”. – (ხელისგულებით ნალესი ქოხი)
* * *
„ – შემიპყრობს ხოლმე რაღაც უცნაური სევდა, საგნობრიობამდე გამკვირვებელი სევდა. მეჩვენება, რომ… ნუ შეგეშინდება, შეიძლება სულაც ნისლიანობის ბრალი იყოს, – მეჩვენება, რომ მე და ჩემისთანები ოცდაათიანი წლების ქალაქის გარეუბანში აშენებული ქოხები ვართ, ქაფჩის უქონლობის გამო ხელისგულებით ნალესი. ამ ქოხებში ტრიალებს წყალდაპკურებული მიწის სუნი, კედლებზე ჰკიდია ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილი მწერლებისა და კომპოზიტორების სურათები, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას – შავ ჩარჩოში ჩასმული პაპისა და ბებიას სურათი, პატარა სარკმლები ღიაა, გარეთა რაფაზე პურის ნამცეცები ყრია ჩიტებისთვის… და თუ ჯერჯერობით კიდევ ვარსებობთ ქვეყანაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ დიდ, რკინა-ბეტონის ნაგებობებს არ ვუშლით ხელს. საკმარისია, მოვიდნენ, მოგვიახლოვდნენ, მოგვაყენებენ ბულდოზერებს და ჩაგვაშავებენ ხევებში”. – (ავტორი გენია.ჯი)