ამონარიდი რევაზ მიშველაძის მოთხრობიდან – „ცრემლი სად არის”
„ – არ მოგასვენებს თურმე, რაც გიწერია, სანამ არ შეგისრულებს, არ მოგეშვება წუთისოფელია, ღმერთია თუ რაღაც ჯანდაბა. რასაც უკავია ეს ქვეყანა. არ უნდა თქვა კაცმა არასოდეს, თურმე, გაღმა ვარ აწი გასული და არაფერი მიჭირსო. არც ის უნდა თქვა, ჩემი გავაკეთე და დავისვენებ აწიო. როდის რა გიწევს და სად გიყელებს უკუღმართი ბედი არ იცი თურმე. პატარა გაახარებს კაცს და ზოგი ისე ატოკდება ამ სიხარულით, რომ ვარსკვლავებს შეეპოტინება. ხვალ რა ელის და რას უმზადებს წუთისოფელი ამაზე არ ფიქრობს. ჩვენ ტანჯვისთვის გაგვაჩინა ღმერთმა და ეს უნდა იცოდეს თურმე ყველა კაცმა. ბედნიერი ვარო, არასოდეს უნდა დაიჯერო, თორემ მერე გაგიჭირდება უბედურების გადატანა. უბედურება კი, ჩემო ბიძია, შენს ერდოზე ზის, სულში გყავს, შენს მხრებზე უწყვია ხელები. გენიოსია რუსთაველი აბა რა არის: „საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხდების, ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდებისო”. ეს უნდა გეწეროს გულისფიცარზე, თუ გინდა ცოტათი მაინც შეიმსუბუქო წუთისოფლის წელში გამწყვეტი ტვირთი. რა უბედურია თურმე თავდაჯერებული კაცი, რა სასაცილოა გამძღარის და კმაყოფილის ყურთბალიშზე თვლემა. ერთხელ გავიფიქრე, აწი რაღა მიჭირს, სამოცდაათს გადავშორდი და ლომივით შვილი მადგას თავზე-მეთქი და მაშინაც არ მაპატია. არ შემიცოდა, სანამდე მე – სიკვდილი ვარსებობ, გული საგულეს რანაირად ჩაიდევიო, რანაირად წაუყუჩდი წუთისოფელს და რა იმედით წაუმღერეო”.