ამონარიდი რევაზ მიშველაძის მოთხრობიდან – „იქ”
„ – არ უნდა ვიცოდე, კაცო, რამ მომკლა? არაფერი ისეთი ავადმყოფობა მე არ მქონია. თავს ვუვლიდი, რაც შემეძლო. სმით არ ვსვამდი. ღამის თევას და ნერვების შლას ვერიდებოდი. ზოგიერთმა დალაქმა გაუთავებელი ლაპარაკი იცის, მუშტარს ყურებს რომ გამოუჭედავს, – არ ვიყავი ისეთი. ჩემს საქმეს ვაკეთებდი ჩუმად და წყნარად. კრებებზე არ დავდიოდი, სხვის საქმეში არ ვერეოდი. ვუვლიდი, ნამდვილად ვუვლიდი თავს. მინდოდა, რა დაგიმალოთ და, კაი ხანს მეცოცხლა. ვამბობდი, – აბა, ერთი წესიერი ცხოვრებით რამდენ ხანს გაძლებს კაცი-თქვა. სულ თბილად მეცვა. გაცივება რა იყო, არ ვიცოდი, გრიპი რომ დაიწყებოდა, პირი მქონდა აკრული. ყველას შეხვდებოდა და მე ამივლიდა სახადი გვერდს. თავს ვუფრთხილდებოდი და იმიტომ. ეგება გაგიკვირდეთ და კაცი რომ ქალებში გაივლის, ჩხუბს რომ ატეხავს, ღობე-ყორეს რომ ედება, აპაპაპა, არაფერი მსგავსი. ხლაფორთში თავის გაყოფას გავურბოდი. ასე მოვაღწიე ორმოც წლამდე. ორმოცი რომ შემისრულდა, დავუძახოთ ახლობლებს, ნათესავებსო, – ცოლმა, დაბადების დღის გადახდა რომ იციან, უარი ვუთხარი. ვის რად უნდა ჩემი დაბადების დღე, რომელი ჟან ჟაკ რუსო მე ვარ-მეთქი. გავწვალდებით ტყუილად და ხალხს მოვინდურებთ. მეტს ვერაფერს გამოვრჩებით ამ ამბავს-მეთქი. რავარც შენ გაგეხარდებაო. ცოლიც ჩემნაირი წყნარი მყავდა. ორ სიტყვას არ მეტყოდა ერთიმეორეზე. დავიძინე იმ ღამეს დაა, ძილში არ გავიპარე? რატომ, რისთვის, რა იყო ამის მიზეზი? ეს ერთი კვირაა, თავს ვიმტვრევ, რაღაც ავადმყოფობა გამომეპარა, ალბათ, მარა ყოველ თვეში რომ დავდიოდი პოლიკინიკაში და ვესინჯებოდი ჩემს ექიმს? ნეტავი, შენსავით ჯანმრთელი მე ვიყოო, ეცინებოდა წნევის გასასინჯად რომ მივდიოდი. თვითონ ლოთია საწყალი, მეორე პოლიკინიკაში, სოსოია ტაკიძეს იცნობთ ყველანი, მამამისიც ექიმი იყო. ძველი ფერშალი ტაკიძე ომამდე მოკვდაო, ამბობენ, მე საიდან მემახსოვრება. ჰოდა, ეს სოსოია უბედური, გული რომ ხელით ეკავა ყოველდღე, ქე დარჩა ცოცხალი და მე რავარც ხედავთ… ღამით გაპარვა მაინც რა სიკვდილი იყო. დამანებე თავი, თუ კაცი ხარ. არაფერი არ ყოფილა, არაფერი, უარე თავს რამდენიც გინდა, ამეწყვიტა უნდა სხვებივით და მეცხოვრა, რავარც სხვები ცხოვრობენ”.