ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„ – არა, ჩემო ბიძია, იქნებ ოდესღაც მეც მქონდა სურვილი სუფთად შევრჩენოდი ამ წუთისოფელს, მაგრამ სულ ტყუილია. პირველ პერანგს რომ გაცვითავ, იმის შემდეგაც კი შენი ცოდვა ბეჭებს გიმძიმებს. რაკი კაცი ხარ, ვერსად გაექცევი ცოდვას. იქნებ როგორმე ყველამ ვეცადოთ ნაკლებად დავამძიმოთ სული ჩვენი საამქვეყნო ცდუნებებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ გვთავაზობს ცხოვრება. ვცდილობდი-მეთქი მოგახსენეთ, ვცდილობდი და მეტი არაფერი. წუთისოფლის ჯაჯგურიდან წმინდად გამოსვლა მაინც ვერ შევძელი”. – (გვანჯი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მარტო შენდა სიამოვნებად არაა ეს ქვეყანა მომართული”. – (პეპე)
* * *
„ერთი კაცის სიყვარულის უფლება ყველასა აქვს”. – (სოფლის მადონა)
* * *
„ნამეტანი თავმდაბლობაც არ ვარგა”. – (საქმე)
* * *
„კიდევ კარგი, რომ ადამიანებიც ჩიტებივით უხმაუროდ ქრებიან, თორემ ქვეყანას სიკვდილის საშინელი ზარი წალეკავდა”. – (ბოლო) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ზღვაში შევედი ცოტა ნასვამი. იცი, რა არის ეეს? არ იცი! ეჭიდავები ტალღებს, გეფერება ზღვა, ტანზე თავის ლურჯ ხელებს გხვევს და იღლიაში გიღიტინებს. დავმხრჩვალიყავ თუნდაც, დაიქცეოდა ქვეყანა? ვინ დაგარწმუნა შენ, ასეთ სიკვდილს, ზღვის თბილ ტალღებში სამუდამო მიძინებას, ათი წლის მერე ინფარქტიანი კაცის ღამის ქოთანზე ჯდომისას სიკვდილი სჯობიაო? ვინ დაამტკიცა ეს?” – (ქარი, ქარი, ქარი…)
* * *
„შეუცვლელი არავინ ვართ ამ ქვეყანაზე”. – (პეპე)
* * *
„გენიოსისათვის ყველა სახელი პატარაა”. – (სიკვდილის წინა ღამე)
* * *
„დიდი ხნის ერთად ცხოვრების შემდეგ ცოლ-ქმარს შორის ჩნდება გაგებინების ახალი საშუალება, რომელსაც პირობითად მინიშნებითი ენა შეიძლება დავარქვათ. ეს ენა მხოლოდ და მხოლოდ ცოლ-ქმარს ესმის. აქ სიტყვას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, იგი ხშირად მთელ ფრაზასაც კი გამოხატავს”. – (ქარი, ქარი, ქარი…)
* * *
„ – ბავშვობა თუ მოგნატრებია, – სხვათაშორის ეკითხებოდა ვარლამი.
- მომნატრებია, მაგრამ ახლა რომ ბავშვად გადავიქცე, არ მინდა. რატომ თუ იცი?
- ?
- რა სანატრელია თავიდან, ახლა, ქუნთრუშას თუ წითელა ბატონების გადატანა. ყურებზე ხელის აფარება სკოლის დირექტორის დანახვისას. ლურჯი ტრუსიკით და წითელი მაისურით ქუჩაში გასვლა. სიგარეტის თავიდან მიჩვევა და არყის სმის დაწყება. იცი, რა ძნელი იყო? დამანებე თავი, თუ კაცი ხარ, ძლივს მივეჩვიე, ძლივს ჩამოვყალიბდი”. – (სიკვდილის წინა ღამე) – (ავტორი გენია.ჯი)